პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას ეხმაურება.

კითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს დაშვება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, სხვადასხვა პარტიასთან მიმართებაში სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მათიკაშვილი პასუხობს, რომ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ არის მისაღები, თუმცა მისივე თქმით, სარჩელი სრულად არის გაჯერებული მტკიცებულებებით და თუ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება, ეს იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი გადაწყვეტილება.

"საუბარი იმაზეა, რომ სარჩელი არის აბსოლუტურად გაჯერებული მტკიცედ იმ ფაქტებით და მტკიცებულებებით, რომელიც ამყარებს მას. თუკი ასეთი გადაწყვეტილება ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს, სრულად დაკმაყოფილების, იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი, საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს კონსტიტუციის და ყველა სამართლებრივი დანაწესის ფონზე და, შესაბამისად, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებით მსოფლიოში მოქმედებს.

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლისგან შედგება და მათი გადასაწყვეტია ეს საკითხი, რა პასუხს გასცემენ. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში.

და როდესაც ქვეყნის გაწევრიანებაზე იქნება საუბარი ევროსტრუქტურებში, როდესაც ქვეყნის პროგრესზე და შემოსულ ინვესტიციებზე იქნება საუბარი, იმ უცხო ძალების წისქვილზე კი არ დაასხამენ წყალს მსგავსი ოპოზიციური ძალები, დღეს რომ "მეხუთე კოლონა" ჰქვია და დავარქვით სრულიად მართებულად, არამედ ქვეყნის მიმართ არსებულ გამოწვევებს თანაბარწილად გაიზიარებენ ხელისუფლებასთან ერთად. მაგრამ სადაც გასაკრიტიკებელი იქნება ხელისუფლება, არაფერს დააკლებენ და გააკრიტიკებენ ბოლომდე. მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება.

8-საათიანი სხდომის განმავლობაში მხარეებმა ჯერ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, შემდეგ კი მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა," "ძლიერი საქართველო - ლელოს, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!," "ფედერალისტური პარტიის" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს.