"ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დიდი ხანია ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოების ნდობა აღარ აქვს და ეს არჩევნებში გამოიხატება.
მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სარჩელზე და აღნიშნა, რომ რეალურად პარტიების აკრძალვის მოთხოვნა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარეობს და არა საზოგადოების დაბალი ნდობიდან.
"ხუთივე პარტია, ერთად აღებული 16%-მდე ადის. ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ და საზოგადოებას აღქმა დარჩენოდა, რომ ადამიანების კონკრეტულ რაოდენობას გული სტკივა ეს პროცესი რომ მიმდინარეობს.
საზოგადოების სურვილებთან, ნებასთან, მიზნებთან, რაც ქართველ ხალხს ამოძრავებს, არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ. ეს არის ამის ერთადერთი სწორი ახსნა.
უკვე დიდი ხანია ამომრჩეველი ანულებს მათ. კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლიდან დღემდე აქვს მკაფიო განაჩენი გამოტანილი ამომრჩევლების მხრიდან.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ფაბულა და შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობა, მათი მოქმედებაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.




