პოლიტიკური წრეებისთვის საუბრის, დიალოგის, მოლაპარაკებების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას, რომ „აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს“.
მათიკაშვილის შეფასებით, „ლელო“ დღეს შეცდომით გადადგმული ნაბიჯების გამოსწორებას ცდილობს.
„ქვეყნის კონსტიტუციით მოცემული შესაბამისი ფორმატი გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და შემდგომ უკვე იმ მხარდაჭერის მიხედვით მიღებული მანდატებით სარგებლობას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ის არის ადგილი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის, შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების ერთმანეთისთვის გაცნობის. იმ რაღაც ე.წ. მექანიზმს, რომელიც მოიგონა დღეს „ლელომ“ და ცდილობს ორიოდე წლის წინ მის მიერვე შეცდომით, თუ დანაშაულით გადადგმული ნაბიჯების გამოსწორებას, ბუნებრივია, არანაირი საფუძველი და ადგილი რეალობაში არ აქვს.
დაელოდონ არჩევნებს, 2028 წელი არც ისე შორს არის, ეცადონ, მოიპოვონ მხარდაჭერა – რისი იმედიც ნამდვილად არ მაქვს მათი, პრაქტიკულად, განულებული რეიტინგიდან გამომდინარე – და საქართველოს კონსტიტუციური დანაწესების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში მოახდინონ შესაბამისი დიალოგის წარმართვა, თუ საზოგადოებისგან მინიმალურ მხარდაჭერას მაინც მიიღებენ “, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.







