საგნებს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, როგორი დიპლომატიურებიც არ უნდა ვიყოთ. ეს იყო ტყუილის კამპანია, რაშიც სააკაშვილის ოჯახმა გადაიხადა მილიონები და ეს მილიონები, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზეა  გამოქვეყნებული,  ალბათ მცირედი ნაწილია იმ თანხის, რაც იხარჯებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამახინჯებით საზოგადოების ინფორმირებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია პოს ტვ-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის დროს, სხვაგვარი მოლოდინები ჰქონდა და მას შემდეგ, რაც მან პატიმრობიდან თავის დახსნა ვერ მოახერხა, აგრესიულ კამპანიაზე გადავიდა.

მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, სააკაშვილის ოჯახი არა კონკრეტული პიროვნების ან პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა.

"მარგველაშვილის ფიგურა, ტოვებს იმის სივრცეს, რომ ვიფიქროთ, ეს ადამიანი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნამდვილად არ მოქმედებს.

საერთო ჯამში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ მიზნიდან. ანალიტიკა მნიშვნელოვანია და უნდა მივაგნოთ იმას, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. სააკაშვილი რომ იმპორტირებული იქნა საქართველოში კონტეინერით, ალბათ ის განცდა და განწყობა ჰქონდა, რომ თუ გამოუვიდოდა ის, რაც მას და მისი დავალების მიმცემებს სურდა, რომ აეყირავებინა ქვეყანა, ფსევდო-რევოლუციები მოეწყოთ არჩევნების მაგივრად - ხომ კარგი, გაახვევდა ქვეყანას ომის ცეცხლში, პასუხებს გასცემდა დავალების მიმცემებს და შეიძლება „პაგონზე“ ერთი ვარსკვლავი კიდევ მიემატებინა. თუ არ გამოუვიდოდა ეს ყველაფერი, ის ალბათ დარწმუნებული იყო, რომ ციხეში დიდხანს არავინ გააჩერებდა, ვინაიდან იქნებოდა დიდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, თავად ქვეყანაზე და მას აუცილებლად გამოუშვებდნენ. როდესაც აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, ქვეყანაში მოქმედებს კანონი, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, კონსტიტუცია გააჩნია, სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ და ასე შემოსვლა-გასვლა და მრუდე მიზნების აღსრულება არ ხდება, მერე უკვე გადავიდნენ აგრესიულ შეტევაზე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია გამოვყოთ, რომ აქ არც პიროვნებას,  არც "ქართულ ოცნებას", როგორც პარტიას და მმართველ ძალას, არ ეხება საქმე. მარგველაშვილთან ერთად, საინტერესო ნაწილია ის, რომ საუბარი ქვეყნის დასანქცირებას ეხება და ფულს იმაში იხდიდა გიული ალასანია, რომ ქვეყანა დასანქცირებულიყო.“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.