BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია - დღეს BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა.

„დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.

მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.

ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო", - აცხადებს კეზერაშვილი, რომლის კომენტარსაც “ფორმულა“ ავრცელებს.

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ი ფილმს აქვეყნებს. დოკუმენტურ ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.

BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.