ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ასეთ ჰიპერსახელმწიფოსთან [ჩინეთთან] სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა. მისი თქმით, "ხალხის ძალისთვის" მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ამერიკა და ევროპა ეპყრობიან საქართველოს - მათთვის ჩინეთთან ურთიერთობა შეიძლება მათი ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა კი აღიზიანებთ.

"ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული გადატვირთვის რეჟიმით დაიწყო ამერიკის ახალ ელჩთან ურთიერთობა, თუმცა ბოლოს მაინც მოვისმინეთ მწვავე განცხადება, როდესაც მათ არ მოეწონათ ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა, მაშინ, როდესაც ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ამერიკასა და ევროპასაც. ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროებისამებრ უნდა ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა ჩინეთთან, რადგან ეს მათი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს მიუღებელია, რადგან ჩვენთვის ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორია. მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ასეთ ჰიპერსახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამდენად, ჩვენთვის ეს გარკვეული სიგნალი იყო, რასაც აქამდე ვისმენდით, რომ მათთვის რაღაც შეიძლება და ჩვენთვის არა. ეს რაღაც თითის დაქნევის მსგავსი იყო, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან თუკი მათი ხალხის კეთილდღეობისთვის რაღაც შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება?" - განაცხადა დავით კაჭარავამ.