გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ დოკუმენტს 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე რეზოლუციას აფასებს და აცხადებს: "ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, რეინტეგრაციის საკითხებში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს არის რეზოლუცია, რომელიც, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და, მეორე მხრივ, მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და თანაავტორობით. მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების".
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო, რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი