პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან ერთად, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახალ დაინიცირებას ეხება.
ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართლი ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა განმარტონ, თუ რატომ უწოდეს აღნიშნულ კანონს „რუსული“ და ფინანსების დეკლარირება რატომ არის „რუსული საქმე“.
შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.