პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზედაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, „ხალხის ძალის“ წევრმა, დაჩი ბერაიამ, დასვა კითხვა იმის შესახებ, არსებობს, თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსენსუსის მოლოდინი.

„ვეტოს პრეზენტაციის დროს ახსენეთ კონსენსუსი. ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების დროს, კერძოდ, როდესაც ვირჩევდით იუსტიციის საბჭოს წევრებს, ალბათ, დააკვირდით, როგორ მოიქცნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიის წარმომადგენლები - პირდაპირ საბოტაჟი გამოუცხადეს პროცესს. ამ და სხვა ბევრი მოღალატეობრივი ქმედების საფუძველზე გაქვთ, თუ არა მათი მხრიდან კონსენსუსის, ან სახელმწიფოსთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი და თუ გაქვთ, რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?“ - იკითხა ბერაიამ.

მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, ამიტომ დაზუსტება დასჭირდა, თუმცა ამომწურავი პასუხი არც დაზუსტების შემდეგ მიუღია.

„არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ თუკი ეს შესაძლებელი იყო სახალხო დამცველის შემთხვევაში, აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის შემთხვევაშიც,“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.