ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პრობლემა ის არის, რომ სინერგიაზე მხოლოდ საუბრობენ და არასოდეს არაფერს აკეთებენ. თუ გვინდოდა მაქსიმალური შედეგი, მოლაპარაკებები და ფორმაცია უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. არც ახლა არის გვიან, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
„პირველ რიგში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ საუბრობენ სინერგიაზე. მხოლოდ საუბრობენ, რა უნდა გააკეთონ, არასოდეს არაფერს აკეთებენ და ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვთ. გასაგებია, რომ ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ თუ გვინდოდა მაქსიმალური შედეგი, მოლაპარაკებები და ფორმაცია უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. არც ახლა არის გვიან, მაგრამ ხალხმა გააკეთა თავისი გასაკეთებელი, გამოვიდნენ, იბრძოლეს, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პარლამენტთან იყვნენ, სპეცრაზმს დაეჯახნენ, გარისკეს ბევრი რამე და ამ ყველაფერს ახლა სჭირდება პოლიტიკური პროცესი, რომელიც ზურგს უნდა უმაგრებდეს ამ ხალხის ძალისხმევას, რაც სამწუხაროდ, სათანადო დონეზე არ არის ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიების მხრიდან. პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ მათემატიკას. ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში რეფერენდუმად გაიყიდება“, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში.