მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას.
მისი განცხადებით, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გვერდზე უნდა გადადოს ვიწრო-პოლიტიკური საკითხები, ვინაიდან, 26 ოქტომბერს არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.