მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები; მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიტან მაგალითად:
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე ქვეყანას მართავდა კაცი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს მოსახლეობას კი არ ახმარდა, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა ხშირად.
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემა არათუ დამოუკიდებელი არ იყო, არამედ, იმდროინდელი ხელისუფლების ერთ-ერთ სადამსჯელო ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა; და ეს იმ ფონზე, რომ 2012 წლამდე ციხეებში თუ ქუჩებში მოქალაქეების წამება და მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული;
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
ვეცადე, მოკლე ანგარიშის სახით გადმომეცა თქვენთვის „ქართული ოცნების“ ძირითადი მიღწევების შესახებ, ახლა კი ვნახოთ, როგორ შთამბეჭდავ პროგნოზს აკეთებს მომავალზე საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდი - ათწლიანი ზრდის მონაცემების სამი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია! არ იჩქაროთ ახალ მონაცემებს მოგცემთ, კიდევ უფრო უკეთესს: ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით - საქართველო ჩაეწერება მდიდარი ქვეყნების რიგში 2030 წლისთვის.
დაბოლოს - მინდა გაგაცნოთ უახლესი მონაცემები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა: სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო მიმდინარე 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გასული 5 წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და მთავარი: ასეთ ლიდერობას, ე.ი. მეორე ადგილს მსოფლიოში, შეინარჩუნებს ზედიზედ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2030 წლამდე. ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის ზრდა არის უნივერსალური მაჩვენებელი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შეფასებისათვის საერთაშორისო მასშტაბით.
წინა გამოსვლებში საუბარი გვქონდა, რომ საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2030 წლიდან გადააჭარბებდა ევროკავშირის 6 ქვეყანას, სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზის მიხედვით კი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ეს შედეგი წელსვე დადგება და საქართველოს 2024 წელს ექნება უფრო დიდი მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის 6 სახელმწიფოს.
ყველა რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც სავალუტო ფონდის უახლეს პროგნოზს როდესაც გაეცნობი, თავი პოლიტიკოსად და ფინანსისტად რომ მოგაქვს და მაინც ჯიუტად იმეორებ, თითქოს ქვეყანა ჭაობში იმყოფება - ამას არაფერი ჰქვია, თუ არა თაღლითობა. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ სასამართლოს განაჩენს - ეს არის პოლიტიკური თაღლითობა - ხედავდე ქვეყნის წინსვლას და ჯიუტად ატყუებდე საზოგადოებას, რომ ქვეყანა თითქოს უფსკრულისკენ მიექანება; თვითონ გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს. ცხადია, ამ ყველაფერს ჩვენი ხალხი კარგად ხედავს და თაღლითებს სათანადო ადგილს მიუჩენს რამდენიმე დღეში.
ამ პროგრესის და თვისობრივად გაუმჯობესებული ვითარების მიუხედავად, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, წინ მძიმე შრომა გველის.
მაგრამ, ნურაფრის შეგეშინდებათ!
მერე რა, თუკი პატარა ქვეყანა ვართ და არც ბუნებრივი რესურსებით ვართ მდიდარი, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ხალხი, ჩვენი შრომისმოყვარეობა და ის საოცარი შეუპოვრობაა, დავითს გოლიათს რომ დაამარცხებინებს.
ქართველ ხალხთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, „ქართული ოცნება“, ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, შეძლებს, რომ ღირსეულად ატაროს საქართველო ამ რთულ გზაზე, რათა დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი განვითარებული, მდიდარი, დემოკრატიული, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში.
თუმცა, არის ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც განსაზღვრავს და განაპირობებს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს.
მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლოესმა წარსულმა კარგად გვასწავლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშვიდობის ფასი არ ესწავლება უშუალოდ თბილისს, სადაც სამი ათეული წლის წინ, ქალაქის გულში, ქართველები ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ! აღარაფერს ვამბობ 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტებზე და 2008 წლის ტრაგედიაზე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაატეხა ქვეყანას თავს." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.