"გვსურს გამოვეხმაუროთ, გუშინ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც„ოცნების“ ავტოკრატიული მმართველობის პირობებში, ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა და ეს პროცესი ღიად და დაუფარავად გამოხატავს იმ აგრესიულ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რასაც „ოცნება“ ბოლო წლებია საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ატარებს და განსხვავებული აზრის განადგურებას ისახავს მიზნად." - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვერანაირი სარჩელი, მით უფრო იმ ადამიანების, ვინც ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ყოველდღიურად ღალატობენ თავიანთი სიტყვებითა და გადაწყვეტილებებით, ვერ შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას დ ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის. მეტი მოტივაციითა და ენერგიით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას ქვეყნისა შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში, საკრებულოებში, ყველა პლატფორმაზე ჩვენი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში.
განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ჩვენს აკრძალვას ის ადამიანები „ითხოვენ“, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის აქტიური მსახურები იყვნენ და დღესაც, პარლამენტში ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას და ყოველდღიურად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
„ოცნება“ ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს ჩვენი პატრიოტი, ერთგული და უანგარო მხარდამჭერების ხმა გააქროს პოლიტიკიდან და მისთვის სასურველი ხელოვნური პოლიტიკური ოპოზიცია დაილაგოს.
„ოცნებას“ ელოდება ძალიან მძიმე ისტორიულ - პოლიტიკური შეფასება, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, როდესაც სამაჩაბლოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ისტორიული მიწების ანექსიური პროცესები მიდის„ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის ფონზე. „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება არის პოლიტიკური ლოგიკის გარდაუვალი შედეგი და ამას გააკეთებს თავად ქართველი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა: რიგი ე.წ. პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელს ამ კვირაში დაემატება პარტია "გახარია საქართველოსთვის"








