აშშ-სა და ევროკავშირს ერთმანეთთან ურთიერთობებში გარკვეული გამოწვევები თუ აქვთ, დარწმუნებული ვარ, ტრანსატლანტიკური კავშირი ამას გაუძლებს, გადალახავს და ეს არანაირ წინაპირობასა თუ წინაღობას არ შექმნის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

მისი თქმით, საკითხის ისე დაყენება, თითქოს ან ევროკავშირთან, ან შეერთებულ შტატებთან ექნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, არასწორია.

„ვფიქრობ, მარტა კოსის განცხადება მეტისმეტად სერიოზულად აღიქვით. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ერთმანეთთან ურთიერთობებში გარკვეული გამოწვევები თუ აქვთ, დარწმუნებული ვარ, ტრანსატლანტიკური კავშირი ამას გაუძლებს, გადალახავს და ეს არანაირ წინაპირობასა თუ წინაღობას არ შექმნის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის, რადგან ვიცით, რომ შეერთებული შტატებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის ურთიერთობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა, ასევე ევროკავშირიც ჩვენი ათწლეულების არჩევანია. ამიტომ საკითხის ისე დაყენება, თითქოს ან ევროკავშირთან, ან შეერთებულ შტატებთან გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა, რა თქმა უნდა, არასწორია.

მარტა კოსის ამ განცხადებას მეტისმეტად სერიოზულად მოეკიდეთ, რადგან ასეთი ტიპის პოლიტიკური გზავნილები ბუნებრივია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ტრანსატლანტიკური კავშირი ბევრად უფრო მნიშვნელოვან და მყარ ფასეულობებზე დგას, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში ის კინკლაობა, რომელსაც შეიძლება ვხედავდეთ კონკრეტული ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ასეთი დილემა, რომ ან შეერთებულ შტატებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს კარგი ურთიერთობა, ან ევროპასთან, ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ აქვს საქართველოს.

მარტა კოსი ევროკავშირში კონკრეტული კომისარია, რომელიც კონკრეტული ვადით არის დანიშნული და მრავალი პოლიტიკური განცხადების ავტორია. თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა აუცილებლად მარტა კოსის კონკრეტულ შეფასებებზე იქნება დაფუძნებული?“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.