დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადება, ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის ჩარჩოში მოქცეული მიდგომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფას, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა“.
დეპუტატის შეფასებით, განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას რაიმეს უწყვეტენ, აცდენილია რეალობას, რადგან მთავრობას სახლში არაფერი მიჰქონდა.
„ეს ყველაფერი ხმარდებოდა ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ის ამყარებს თავის სუვერენიტეტს. რაც შეეხება წამოძახებას დახმარებების და მათ შორის ექვსი მილიარდი ლარის შესახებ, დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ქართველი ხალხის ხასიათის შესახებ ინფორმაცია მიიღონ თავად ქართველი ხალხისგან და არა ლომჯარია-გიგაურისნაირი ადამიანებისაგან, რადგან ქართველ ხალხს ახასიათებს უკიდურესი მადლიერება, თუმცა დამადლებული არავისგან არაფერი უნდათ. შევახსენებდი საზოგადოებას, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს ამდენივე თანხა გაღებული უანგაროდ საქართველოსათვის და დღემდე ამ ადამიანს ერთხელაც არ უთქვამს ამის შესახებ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.