გიორგი ვაშაძემ შეირგოს ისტორიულ წიაღში დაბრუნება, რითაც პარლამენტში თავისი პარტიის წარმომადგენლებისთვის რამდენიმე დამატებითი ადგილი გაინაღდა. სხვებისთვის მოწოდებების გაკეთებას თავი დაანებოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ბექა ლილუაშვილის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და ამ კუთხით თუ რაიმე შეიცვლება, საზოგადოებას ამას თავად შეატყობინებენ.
„არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს. როგორმე, ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავთ. რაც შეეხება გეგმებს, ორი წლის წინ დავაფიქსირეთ პოზიცია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით და თუ რაღაც შეიცვლება, ამას მოსახლეობა პირველი ჩვენგან გაიგებს. ამ ეტაპზე არაფერი შეგვიცვლია. როგორმე მოწოდებების გარეშე შევძლებთ თანმიმდევრული გეგმების განხორციელებას. არჩევნებამდე დარჩენილია სამი თვე და ამ სამ თვეში ზედმეტი ლაილაი რაღაც გაერთიანებებზე, ცენტრებზე და გრავიტაციის წერტილებზე ამომრჩეველს საერთოდ არ აინტერესებს. ამომრჩეველს აინტერესებს, როგორ ქვეყანაში მოუწევს მას ცხოვრება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება. ჩვენი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტები „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუბრუნდეს. თუ რაიმე შეიცვლება, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს. ჯერ არაფერი შეცვლილა და ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.