პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლის გამო, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა.
ბექა ლილუაშვილის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგიდან შეძახილებით მიმართეს: „შენ ვინ ხარ?“; „შენ ვინ აგირჩია, შენ?“
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი ბექა ლილუაშვილს უთხრა: „თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“.
„დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ნდობა უნდა გამოგიცხადოთ, რასაც დამსახურება უნდა. დამისახელეთ თქვენი ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, ან სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც ადამიანების ნდობას იმსახურებთ. მე პირიქით - შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 10, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი, თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამაძლიერებელი, რუსული კანონის ინიციატორი და მიმღები, პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად დამცლელი და პერსონალურად თქვენ ხართ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების ასი ათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ. ივანიშვილმა რატომ აგირჩიათ, გასაგებია - ყველაფერი ეს მისი დავალებით შეასრულეთ, მაგრამ საქართველოს ხალხმა რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, ამაზე გვიპასუხეთ. მეორე კითხვა - ივანიშვილი ვერ შეარჩევდა თქვენზე უკეთეს განსახიერებას იმისა, როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ამის დასტურია თქვენი დღევანდელი გამოსვლა. თქვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამიდან, რომლის დიდი ნაწილი ჩვენი დაწერილია. თუ შტაბის ხელმძღვანელი წერს ახლა, ალბათ ღარიბაშვილი დაგიწერთ სამთავრობო პროგრამას. 13 ათასი დევნილი ოჯახისთვის და 1200 ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილება - არ შესრულდა; ადამიანების გაჭირვებით პოლიტიკური ვაჭრობის დასრულება და სოციალური შეფასების სისტემის რეფორმა - არ შესრულდა (ამოღებულია პროგრამიდან); სოციალური დახმარების პაკეტების, მაგალითად, საარსებო მინიმუმის კანონის წესით ყოველწლიური ზრდა, ინდექსაცია - არ შესრულდა; პოლიტიკური და ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყაროების, საგადასახადო შეთანხმების გაუქმება და დავების რეფორმა -არ შესრულდა. მაინტერესებს როგორ უნდა დაგვარწმუნოთ, რომ იმ დაპირებებს შეასრულებთ მომდევნო 9 თვეში, რაც ღარიბაშვილმა სამ წელიწადში არ შეასრულა?“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.