პირველ რიგში, გვსურს, გამოვეხმაუროთ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში, რაც მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა. შევახსენებ საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური რაღაც ზრდის ციფრებით, რომელიც, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ახვევს საზოგადოებას საკუთარ სიამაყეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, არის ხელისუფლება, რომელმაც შეაჩერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, გაყინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაამძიმა და დააზიანა ქვეყნის ურთიერთობები. - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილი - "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა.
"ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი შედეგები, მათ შორის, ფინანსური. როცა ვსაუბრობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ უნდა ძალიან მკაფიოდ გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან საგრანტო დაფინანსებასაც, შეეხება, ფაქტობრივად, დაბალპროცენტიან დაფინანსებასაც, შეეხება საბიუჯეტო და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დახარჯულ ფინანსურ რესურსსაც.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უდიდესი წვლილი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებასთან დაკავშირებით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის რუსეთის ომის შემდგომ მძიმე პერიოდში... ახლაც და მაშინაც, იდგნენ ეს პარტნიორები ჩვენს გვერდით. ბიძინა ივანიშვილს კი, რომელსაც ამ ქვეყნის ქველმოქმედებაში რამდენიმე ასეული მილიონი აქვს დახარჯული, ჰგონია, რომ ქართველმა ხალხმა მას როგორც უნდა, ისე უნდა იფიქროს, მას რაც მოსწონს, ის უნდა მოეწონოს, ის როგორც თვლის ქვეყნის განვითარებას, ხალხმაც ასე უნდა ჩათვალოს... ასე არ არის! ამ საზოგადოებას და ხალხს, ბატონი, რომლის დაკრულზეც უნდა იცეკვოს - არასდროს ეყოლება!
ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა შესაძლებელი იყო აქამდე, ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას - მათ შორის ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებვაზეც ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი ბოლო ორი თვის განმავლობაში, დაახლოებით 270 მლნ დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, რომ შეენარჩუნებინა ქვეყნის სავალუტო კურსი. თუმცა, ამას არსებითი შედეგი არ მოჰყოლია: ისტორიულ მინიმუმზეა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო ფინანსური სტაბილურობის პრობლემები და რისკები ძალიან მაღალ დონეზე დგას!
იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, სწრაფად გახადოს ქვეყანა მოლაპარაკებების ნაწილი და, შემდგომ, უკვე ევროკავშირის ნაწილი, გამოდის და ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დასაქმებულების და მათი უფლებების დარღვევის მიმართულებით, დღემდე გრძელდება საპროტესტო აქცია, ვხედავთ, რა ხდება ქვეყნიდან ადამიანების ემიგრაციაში წასვლის მხრივ - ბოლო 2 წელიწადში 264 ათასი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან.
გვჭირდება ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს შეეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, შეეხება ქვეყნის ეკონომიკასაც, სადაც ბოლო 3 წლის გაგანმავლობაში, არც ერთი რეფორმა ხელისუფლებას არ განუხორციელებია.
ამ მძიმე მოცემულობის შესაცვლელად, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია არჩევნებზე და ამ ხელისუფლების გაშვება ოპოზიციაში." - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.