პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ჯგუფი დღევანდელ სხდომას, რომელსაც „ნაცები“ უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება, მონაწილეობას არ მიიღებს კობახიძის და „ნაცმოძრაობის“ მიერ გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სცენარში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნული ორი რადიკალური ძალის მიერ, რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღვივებაში წვლილს არ შეიტანს.
„მოგეხსენებათ, „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობას“ და საკუთარ თავს მისცა საჩუქარი იმით, რომ აკრძალა პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა მთავრობის წევრობის კანდიდატებთან. ამის მთავარ მიზანს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობით დღევანდელი სხდომის ჩატარება წარმოადგენდა. ასე წარმართული სხდომა არის საჩუქარი კობახიძისთვისაც და „ნაცებისთვისაც“, რომლებიც ერთად ეცდებიან, ეს სხდომა გამოიყენონ არა ხალხის პრობლემებზე საუბრისთვის, არამედ საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გააღრმაონ. ამასთან, საერთო სურათში „ნაცმოძრაობის“ „ეგიდით“ წარმართული სხდომის ოპოზიციის შეხვედრად გასაღება, ორ რამეს ნიშნავს: ყველა მონაწილის გასვრას ამ რადიკალური დღის წესრიგის შექმნაში. „ნაცმოძრაობის“ იმ სარეკლამო კამპანიის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც „ოცნება“ სააკაშვილს სასამართლო დარბაზებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოების და დაქუცმაცებული პარტიის შეწებების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი ადგილი ასეთ სხდომაზე არ არის. ჩვენ ხვალინდელ გაერთიანებულ/ერთიან სხდომაზე, ჩვენი მოქალაქეების დაკვეთით ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ მთავრობის მომავალი შემადგენლობა არის მომსახურე პერსონალი, რომელსაც არცერთ შინაარსობრივ კითხვაზე პასუხი არ აქვს. შესაბამისად, ხალხის ნდობას არ იმსახურებს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
დღევანდელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ლელოს“ წარმომადგენლებმაც.