არ მსიამოვნებს საქართველოში ადამიანების ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან, მაგრამ ჩემს სიამოვნებაზე ხომ არ არის? - რადგან შემოუშვეს, საფრთხეზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ძალოვან სტრუქტურებს და ვნახეთ კიდეც, ყველაფერი უსაფრთხოდ დასრულდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას ჩეჩნეთიდან შემოსული პირების შესახებ.
კითხვაზე, არიან თუ არა ჩეჩნეთიდან ჩამოსულები ე.წ. კადიროველები, დეპუტატმა განმარტა, რომ „მამასისხლად დაპირისპირებულები“ რომ იყვნენ კადიროვთან, რუსეთში ვერ იცხოვრებენ.
„არავის სიამოვნებს ისეთი ძალოვანი აქცენტების მქონე ბიზნესმენების და ყოფილი მერის ნახვა საქართველოში, როგორიც ვიხილეთ თავისი ესკორტით. თუ მეკითხებით, არ მსიამოვნებს ისეთი ადამიანების საქართველოში ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან, მაგრამ ჩემს სიამოვნებაზე ხომ არ არის? ალბათ, ვვარაუდობ, საზღვარზე ამ ადამიანებს ისეთი ფორმალური დარღვევები არ ჰქონდათ, რაც მესაზღვრეს მიანიშნებდა, რომ მათი არშემოშვების საფუძველი გააჩნდათ. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ისინი „კადიროველები“ - კი, როგორც ვიცით, ერთი არის ყოფილი მერი, რომელიც მოხსნა კადიროვმა, მეორე ბიზნესმენი, რომელიც დაჭერილი იყო. თუ შემეკითხებით, დაპირისპირებული არიან თუ არა კადიროვთან, ისინი მამასისხლად რომ იყვნენ დაპირისპირებული, ალბათ, რუსეთში ვერ იცხოვრებენ, ალბათ, არაკეთილგანწყობილები არიან, მაგრამ რეალური ოპოზიცია რომ აღარ არის რუსეთის საზღვრებში, ყველამ ვიცით.
რამდენადაც ვიცი, არაფერი ისეთი მიზანი არ ჰქონდათ. ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ რუსეთიდან შემოსულ ნაკადებს და თუ რაიმე გაუჭირდებათ, იტყვიან, რომ რაღაც შესაცვლელია, მაგალითად, საკანონმდებლო დონეზე. ვინაიდან ასე არ ხდება, საზღვარზე ამ ხალხის შემოშვება მოხდა, ე. ი. საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ ძალოვან სტრუქტურებს და ვნახეთ კიდეც, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ დასრულდა,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ: ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში სტუმრად რამზან კადიროვის გარემოცვის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.