ბაქოში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების რიგით მეათე, ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა.


სხდომაში საქართველოს პარლამენტის, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეისა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და კომიტეტების წევრები მონაწილეობდნენ.
 
გამომსვლელებმა სამი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განიხილეს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების ხელშეწყობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამი ქვეყნის ენერგეტიკულ დაკავშირებადობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა ქვეყნების შიდა პოლიტიკური პროცესები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთიანი მიდგომების მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ გლობალური გეოპოლიტიკური რყევები და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესუსტება განსაკუთრებით მცირე და მოწყვლად სახელმწიფოებს აზიანებს.

მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაცია.
 
მან ასევე ისაუბრა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი, დიპლომატი, ორგანიზაცია და მთავრობა საქართველოს მოუწოდებდა, „ეკონომიკური თვითმკვლელობა“ ჩაედინა და ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რაც პოლიტიკურ და სამხედრო ესკალაციაში გადაიზრდებოდა.

მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები არა მხოლოდ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუქმნიდა საფრთხეს, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე დააყენებდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც სამმხრივ თანამშრომლობას აძლიერებენ და ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას.

„საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდნენ. სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვანი ეტაპია რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის და გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროპისთვის ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, რომელმაც ყურადღება სამი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორობაზე გაამახვილა.

მისი თქმით, ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ურთიერთსასარგებლო, არამედ სტრატეგიულად აუცილებელია ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისა და რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისთვის.

„ღრმად მწამს, რომ როგორც აქამდე, ახლაც, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს როგორც სამმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებით, ერთობლივად შევძლებთ მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებას. ეს გაზრდის კეთილდღეობას, განამტკიცებს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების ავტორიტეტს მსოფლიოში“, – აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ასევე, ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე.

კომიტეტების თავმჯდომარეებმა და წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა, ხაზი გაუსვეს მის უნიკალურობას და აღნიშნეს, რომ ის იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა მიმართულებით განიხილონ სამივე მხარისთვის საინტერესო საკითხები.

სამი ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მეთერთმეტე სხდომა საქართველოში გაიმართება.