თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, კიამალედინ ჰეიდაროვსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
საუბრისას აზერბაიჯანელმა მინისტრმა მზაობა გამოთქვა, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში და ასევე სხვა ღონისძიებებში, რომლებიც მიმართული იქნება აღნიშნულ ინციდენტზე.
გეკა გელაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალების დახმარების თხოვნით მიმართავენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.








