არასერიოზული იქნება, რომ პატიმრობაში და საავადმყოფოში მყოფი ადამიანის განცხადებებზე სერიოზული პოლიტიკური მსჯელობა გავმართოთ. მით უმეტეს, როდესაც სააკაშვილი ხან ამბობს, რომ პოლიტიკიდან გავიდა, ხან ბრუნდება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტის კომენტირებისას განაცხადა.
„ამიტომ, არასერიოზული იქნება, რომ ახლა საავადმყოფოში მყოფი ადამიანის რაღაც პოლიტიკურ განცხადებებზე მსჯელობა გავმართოთ. რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, სადავოა, სააკაშვილის გზა ჯობია, თუ ბოკერიასი. მე თუ მკითხავთ, საქართველოსთვის ის გზა ჯობია, რომელსაც ახლა მიჰყვება ქვეყანა. ესაა გზა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, სადაც სახელმწიფო, პირველ რიგში, თავის მოქალაქეს ანიჭებს პრიორიტეტს, სადაც საქართველოს ხელისუფლება იცავს ეროვნულ ინტერესებს და სადაც საქართველოს აქვს რეალური წარმატებები ევროინტეგრაციის მიმართულებით. მეორეა, რომ დღეს ბევრი საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებას ცდილობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს წერტილს დაუსვამს და საბოლოო ჯამში, შეფასებები ობიექტური იქნება და ის ასახავს სიმართლეს. ეს სიმპტომი, რაც შიდაპარტიული რღვევის ნაწილია, უფრო სერიოზულ კომენტარს არ მგონია იმსახურებდეს. უკვე არასერიოზულად მიმაჩნია, რომ თანმიმდევრული მსჯელობა და ანალიზი გავმართოთ იმ ადამიანზე, ვინც ბევრი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. ის არის პატიმრობაში, ისაა პაციენტი, მკურნალობს, ამიტომ, ჯობს ექიმებს საშუალება მივცეთ, მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. როგორც სააკაშვილი წერს, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება. ყოფილი პრეზიდენტის პოსტს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელმაც განაცხადა: „შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება.“