„ნაციონალური მოძრაობა“ იყო ყოველთვის ერთი კაცის პარტია და ახლა ეს ერთი კაცი ამბობს, დავბრუნდები ბორდის თავმჯდომარედო"- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანვე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებული განცხადების თაობაზე: „სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, რუსთაველის გავსება შესაძლებელია“.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები არასერიოზული და არათანმიმდევრულია.
„რუსთაველზე გასეირნების უფლება აქვს ყველას, ვინც პატიმრობაში არ იმყოფება. სააკაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც ყოველთვე ცვლის თავის პოზიციას. ხან ამბობს, რომ იმდენად ავად არის, ვეღარ აფასებს ვითარებას, ხან პოლიტიკას ემიჯნება, ხან უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობს, ხან საქართველოში ჩრდილიდან მართავს თავის პარტიას. დღეს უკვე გამოაცხადა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი ვიქნებიო. მისი განცხადებები უკიდურესად არასერიოზული და არათანმიმდევრულია. პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ისეთმა ადამიანებმა გადააყენეს, რომლებსაც თვითონ ჩააცვა და მოიყვანა პოლიტიკაში სადღაც გაუგებარი სივრციდან. სააკაშვილს თანამდებობა, გავლენები ჩამოართვეს და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის გაყოფა დაიწყეს ისეთმა ადამიანებმა, არც გამოცდილებით, არც გაკეთებული საქმით რომ არ იმსახურებენ არათუ ამ დიდი ოპოზიციური პარტიის, არამედ არცერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერობას. მას ახლა სჭირდება, ყოველდღიურად დაამტკიცოს, რომ ისევ ლიდერია და აკეთებს განცხადებებს, რომლითაც მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. უნდა, რომ ოპოზიციური არხების პირველი ამბავი და ნიუსი თვითონ იყოს. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, არსებობენ ბნელი ძალები, რომლებიც ცდილობენ, სააკაშვილი დააბრუნონ პოლიტიკაში და ამისთვის არცერთი მეთოდის გამოყენებას არ მოერიდებიან. მისი განცხადებებიც მეტყველებს, რომ მას აქვს გარე მხარდაჭერაც. არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა დაიბრუნოს გავლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი. ამაში ვერავინ შეუშლის ხელს, რადგან ეს ადამიანები მისი ქვეშევრდომები არიან, რომელსაც ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართავდა ამდენი წელი. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ყოველთვის ერთი კაცის პარტია და ახლა ეს ერთი კაცი ამბობს, დავბრუნდები ბორდის თავმჯდომარედო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.