ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ყველას თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ საუბრისას.
„ე.წ. ოპოზიცია და რეალურად ამ ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნეები იმას კი არ ამბობენ, რომ კანონი უნდა იყოს დაცული, რომ პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანებს, არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, არ უნდა დავაბულინგოთ საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები, უნდა დავემორჩილოთ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას, პროტესტი უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში, არ უნდა შევეცადოთ, რომ სხვა ადამიანები დავაზიანოთ - პიროტექნიკა არ გამოვიყენოთ და ცოცხლად დაწვის მცდელობები არ გვქონდეს, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ აგრესიით და ძალადობით არ უნდა ვიყოთ გამორჩეულები, არ უნდა გავანადგუროთ სახელმწიფო, მუნიციპალური თუ კერძო საკუთრებები. ამ ყველაფერს არ ამბობენ ეს ადამიანები. პირიქით, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამისათვის პასუხისმგებლობა უნდა იყოს რბილიო.
ჩვენი დამოკიდებულება არის ამისგან აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანებს, არ გვჭირდება ბულინგი, არ არის ამ საზოგადოებისთვის მისაღები ძალადობა, ადამიანების ცოცხლად დაწვა.
იმისათვის, რომ ამ ყველაფრის პრევენცია მოვახდინოთ, საჭიროა, მკაცრი პასუხისმგებლობა იყოს დაკისრებული, რომ ადამიანებისთვის იყოს ეს მბოჭავი და არ გაუჩნდეს ცდუნება, მიუხედავად იმისა, რა მითითებას მიიღებენ, ასე უხეშად დაარღვიონ ჩვენი კანონმდებლობა და სხვა ადამიანის უფლებები.
საბოლოო ჯამში ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ყველას თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. სხვას რომ უფლებები აქვს, სამწუხაროდ, „ნაცკლასტერის“ წარმომადგენლებს და მათ მიერ დაორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს, ამის აღიარება არ უნდათ და ბერკეტები ხომ ჰქონდეთ ხელში, ალბათ სიტყვის ამოღებას და სუნთქვას აგვიკრძალავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და ნამდვილად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.
მათ არ აქვთ ეს ბერკეტები და ქუცაში კი ვხედავთ, როგორ დემონსტრაციულად ცდილობენ, რომ უხეში და მაპროვოცირებელი გზებით დაარღვიონ კანონმდებლობა და სხვისი უსაფრთხოებაც. ამიტომაც პრევენციული მიზანი აქვს კანონმდებლობის გამკაცრებას”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კითხვაზე, საკანონმდებლო ცვილელებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის ფონზე აქვს თუ არა მმართველ გუნდს მოლოდინი, რომ პარლამენტში მიმდინარე განხილვებში გიორგი გახარიას გუნდი ჩაერთვება, გორდულაძემ განაცხადა, რომ არავის აინტერესებს, რაში ჩაერთვება გახარია.
„ძალიან შავ დღეში არიან გახარია და მისი ბანდის სხვა წარმომადგენლები. ორი არჩევანი აქვთ, ორ ცეცხლს შუა არიან - შემოვლენ და ნაცმოძრაობის სხვა წევრები ერთ ამბავს აუტეხენ, ხოლო თუ არ შემოვლენ, კი ბატონო, გაცდენების გამო მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული, შევუწყვეტთ მანდატებს.
რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს [გახარიამ], არ ვიცი და რეალურად არც არასდროს არ ყოფილან არც ბატონი გახარია და არც მისი წევრები დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში. ახლა ელოდებიან მითითების მიღებას, მითითება აგვიანებს და ამიტომაც არიან ჩუმად. მითითებას ელოდებიან იმ ადამიანებისგან და გავლენიანი ძალებისგან, რომელთა გავლენების ქვეშ ყოველთვის იყო ეს ადამიანი და რომელთა მითითებით მოქმედებდა ხოლმე მათ შორის, მაშინაც, როდესაც ჩვენი გუნდიდან ასე მოღალატეობრივად წავიდა და ასე გადაეფარა კანონის უხეშ დამრღვევ ნიკანორ მელიას”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, აიკრძალა დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. გაიზარდა სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს განაცხადა, რომ„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიცირებს.