რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მხრიდან გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა, რათა ხელისუფლებაში თავიანთი დამქაშები მოიყვანონ.
„ამ ყველაფრის აღსრულებას წარუმატებლად ცდილობს ქალბატონი რასა, რომელიც განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებით კანონმდებლობა შევცვალეთ. ადამიანმა, რომელსაც რამეს აბრალებენ, თავი კი არ უნდა იმართლოს, არამედ დამბრალებელმა უნდა მოიტანოს შესაბამისი მტკიცებულებები. ქალბატონმა რასამ კეთილი ინებოს და ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანოს ან ბოდიში მოიხადოს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. ამ ადამიანს სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, რადგან ავრცელებს ყველანაირ მორალისგან დაცლილ ტყუილს. ადამიანზე ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ძალადობის მსხვერლია და შესაბამისი სამედიცინო საშუალებები არ მიეწოდება. ანალოგიური კამპანია იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე შემთხევაა მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც. ეს ადამიანები ცდილობენ, მართლმსაჯულების პოლიტიზირება მოახდინონ, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩაერიონ და ყველაფერი მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეშია, სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მხედველობას კარგავს და არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა“.