გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გუშინ, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა ვალდებულია თავი შეიკავოს, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქითაც თავის შეკავება რთულია.
„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, არ არის სწორი ასეთი ქმედების ნახვა, რაც გუშინ ვნახეთ. ზოგადად ეს, არ გვჩვევია არც მე და ჩვენი გუნდის არცერთ წევრს, ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან.
არსებობს რაღაც ზღვარი, სადამდეც შეგიძლია ადამიანმა ითმინო, არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ხანდახან თავის შეკავება ძალიან რთულია, რაც რა თქმა უნდა არ შეიძლება, ყველამ თავი უნდა შეიკავოს, პირველ რიგში მეც, მაგრამ გუშინ ეს ვერ მოვახერხე და კიდევ ერთხელ ბოდიში ამისთვის.
სამშაბათიდან დაწყებული, პარასკევის ჩათვლით, ყოველდღიურად, „ნაცსექტის“ განაყოფი პარლამენტში როგორი შეურაცხყოფებით იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში ამაზე საზოგადოებას რა თქმა უნდა ინფორმაცია აქვს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.
შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.
შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.









