"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არიან, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლის განხილვაც არ იგეგმება და, მათ შორის, არის არჩევნებიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და ქვეყანა ევროპული გზით მიდის. მათივე მოსაზრებით, ოპოზიცია ვერ გაბედავს მათთან დიალოგს.

"პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მანამდეც შესთავაზეს სხვადასხვა პოლიტიკოსს, იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციაში დგანან, რომ მობრძანებულიყვნენ და პირდაპირ ეთერში გამართულიყო კომუნიკაცია, მაგრამ მათ ვერ გაბედეს გადასულიყვნენ თავიანთი პატრონების დავალების საწინააღმდეგოდ. ვერ გაბედეს, რომ წარმდგარიყვნენ საზოგადოების წინაშე და ყველა საკითხზე ესაუბრათ მარტივად, იმიტომ, რომ მათი ტყუილები გამოაშკარავდებოდა.

რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ ეს ადამიანები კვლავ გაბედავენ, რომ დასხდნენ პრემიერ-მინისტრის წინაშე და კონსულტაციები გამართონ, მაგრამ ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო და ყოველთვის ღია იქნება", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.