საბოტაჟი და მტრული საქმიანობა ქვეყნის წინააღმდეგ- პროკურატურაში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე გამოძიებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შესაძლო მოქმედებები სათანადოდ არის გამოსაძიებელი.
"ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებით და დავაკვირდებით იმ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბოტაჟისა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობას. მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით კეთდება განცხადებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების, თუ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები შეიძლება არსებობდეს სახეზე. უმნიშვნელოვანესია გამოძიების ბოლომდე მიყვანა, როდესაც ასეთ გარემოებებზეა საუბარი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ოპოზიციაში კითხვები აქვთ პროკურატურის ობიექტურობასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მსგავსი ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.
შეგახსენებთ, პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო, გამომძიებლის შეკითხვებს საჩივრის სამმა ავტორმა უკვე უპასუხა.