„არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირის მიერ ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე, იმ მიზეზით, რომ თითქოს საქართველო სხვა გეოგრაფიულ არეალშია. ცინიზმია, რომ ეს ყველაფერი გვითხრეს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან 30 წლის თავზე, მაშინ როცა ევროკავშირის ასოცირებული წევრები უკვე ვიყავით და არსებობს ევროკავშირის უამრავი ანგარიში, სადაც ნათლად წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო რამდენიმე წლით წინ არის უკრაინაზეც და მოლდოვაზეც“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ.
მან „ევრობარომეტრის“ კვლევაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა. მისი განცხადებით, ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ევრობიუროკრატები ისრების მთავრობის მისამართით გადმოტანას ცდილობენ.
„არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მისი თქმით, „ევრობარომეტრის“ კვლევა სახელმძღვანელო უნდა იყოს პირველ რიგში ევრობიუროკრატების და ევროკავშირისათვის, ე.წ.ოპოზიციისათვის და არასამთავრობო სექტორისათვის, რომლებიც პირდაპირ ავანგარდში იდგნენ და კარდაკარ დადიოდნენ ბრიუსელში, რათა საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.