ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
„შარშან, ზუსტად ამ დროს, მე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას საქართველოს პარლამენტში, ამ კომისიის არსი იქნებოდა საჯარო გამოძიება, თუ რა მოხდა შოვში და შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ასევე, ეს საგამოძიებო კომისია დადებდა დასკვნებს, რამდენად შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით, შეიძინოს ტექნოლოგიები ადრეული შეტყობინების სისტემა, რამდენად ვართ დაცულები სხვა ტერიტორიებზე იმავეს განმეორებისგან.
გუშინაც ვიყავი, ხაშურში, სურამში, რომელიც არის მეწყერსაშიში ზონა, საქართველოს აქვს ასეთი რელიეფი, ძალიან დაგვაჯილდოვა ღმერთმა ბუნებით, მაგრამ ამავე დროს, ამ რელიეფში ბევრი რისკია, ვფიქრობ, თუ რაიმე შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ შოვის ტრაგედიიდან არის ის, რომ უკეთესად შევიარაღდეთ და მოვემზადოთ ასეთი სიტუაციებისთვის.
ვართ თუ არა უკეთეს სიტუაციაში ვიდრე შარშან? პასუხი არის ნული, არავითარი ნაბიჯი გადადგმული არ ყოფილა ამ მიმართულებით. იმ ძალიან ბევრ ფუჭ და ტყუილ დაპირებებს შორის, რომელიც გვესმის ხელისუფლებისგან, გარემოს დაცვის სამინისტროდან არის ის, რომ იქნება ადრეული შეტყობინების სისტემა და ეს სისტემა ამ დროს არსად არ დაყენებულა. მე მინდა შეგპირდეთ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმიტომ რომ იმ მსხვერპლით, რომელიც ვნახეთ შოვის ტრაგედიის შედეგად, მომავალი თაობები მაინც დავიცვათ და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა."-განაცხადა ანა დოლიძემ.