უახლოეს დღეებში მოუწევთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება და ვერ ამოეფარებიან არაფორმალურ მმართველს - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებთანაც წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა, მაგრამ უნდა ვთქვა - უახლოეს დღეებში მათ მოუწევთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება და ვერ ამოეფარებიან ვინმე არაფორმალურ მმართველს. კოლეგებო, ეს იქნება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული თქვენგანის, თითოეული თქვენგანი გაიზიარებთ პასუხისმგებლობას, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ისტორიული არჩევანის მიზანმიმართული დაზიანება. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ აქ მიზანი გამჭვირვალობა არ არის.
მტერი, რომელიც ისტორიამ განგვისაზღვრა ეს არის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი და რაც შეეხება მეგობრებს - მეგობრები ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. „ოცნება“ ამ კანონებით ცდილობს, რომ მტერი და მოყვარე ერთ სიბრტყეში განიხილოს და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. შესაბამისად, როგორც კონტრპოლიტიკური აქტი, ჩვენ დავაანონსეთ დღეს, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი, გამართლებული იქნებოდა რაიმე მსგავსი ტიპის კანონის მიღება მხოლოდ და მხოლოდ უნდა უკავშირდებოდეს ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს. ჩვენი მტერი, ოკუპანტი არის რუსეთი, შესაბამისად საფრთხეები მოდის რუსეთის ფედერაციისგან და ამას ემსახურება ჩვენი კანონპროექტი, რომელსაც დავაინიცირებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.