კონკრეტულად, სიტყვა „ღალატზე“, მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ - ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„კონკრეტულად, სიტყვა „ღალატზე“, მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ - ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს. მე პირველ რიგში ვარ მოქალაქე და ამ განცხადებას [ღალატის შესახებ] ვისმენ ადამიანისგან, რომელმაც 2021 წელის 12 იანვარს, ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს, რადგან „მე ჩემი საქმე შევასრულე” და „ყველაფერს ძალიან კარგად ვტოვებ“, „თუ ჩემი დაბრუნება კიდევ გახდა საჭირო, ე.ი. ცუდი მენეჯერი ვყოფილვარო“ - ამ სიტყვების პატრონის სიტყვებს ფასი აქვს, თუ არა ეს საზოგადოებამ კარგად იცის“, - განაცხადა ბუჩუკურმა.