"მე საერთოდ არ მაღელვებს ჩვენს რეფორმებს მომავალ პარლამენტში მხარს ვინ დაუჭერს. თუ საჭირო იქნება, "ქოცებთანაც" შევქმნით კოალიციას, "ნაცებთანაც". "ლელოებთანაც" შევქმნით, თუ ბარიერს გადალახავენ. მთავარია, ჩვენს რეფორმებს მხარი დაუჭირონ. ჩვენ ამით განვსხვავდებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, რომ არ გაგვყავს ზღვარი ადამიანებზე და პარტიის ფერებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, რისთვისაც მოვდივართ პოლიტიკაში." - ამის შესახებ "აიპრესთან" ინტერვიუში "გირჩის" ერთ-ერთმა კიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

თქვენი პროგნოზით, ვინ შეძლებს ბარიერის გადალახვას არჩევნებში?

- რთულია პროგნოზირება. ამ მომენტში სულ შვიდი პარტია, ვისაც საერთოდ რაიმე პრეტენზია აქვთ ბარიერზე. აქედან "გახარიები" და "ლელოები" თუ გაერთიანდნენ, ექვსი დარჩება და ცხადია, ვიღაცა ვერ გადალახავს ბარიერს. მე საერთოდ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკაში სულ სამი პარტიაა: "ნაცები", "ქოცები" და ჩვენ. რეალურად ასეა, რომ შეხედოთ - გახარია "ქოცების" მოღალატე, გვარამია "ნაცების" მოღალატე, "ალტ ინფო" მგონი, ვერ გადალახავს ბარიერს და რჩება "ლელო -ხაზარაძე", რომელიც ყველა მთავრობასთან ლაგდება. სინამდვილეში, ერთადერთი განსხვავებული პარტია ჩვენ ვართ. თუ ასე დალაგდება, ბედნიერები ვიქნებით: "ნაცები", "ქოცები" და ჩვენ.

არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში პოლიტიკური სპექტრის როგორ კონფიგურაციას ელოდებით?

- ეს სამწუხაროდ, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება მე პოლიტიკურად კარგი შედეგი მივიღო, მაგრამ ოპოზიცია დამარცხდეს, "ქართული ოცნება" პარლამენტში ერთპარტიულად დარჩეს, რაც ცუდია. შეიძლება 7 კაცი გავიყვანო, მაგრამ ოპოზიციამ ისეთი შედეგი მიიღოს, რომ ჩემი ხმები გადამწყვეტი იყოს. მე ეს უფრო მინდა, ვიდრე ის, რომ ბევრი ადამიანი იყოს და გადამწყვეტი ხმები არ გვქონდეს და შეიძლება ამის კომბინაცია, მაგრამ ეს დამოკიდებულია "ოცნებაზეც" და "ნაციონალურ მოძრაობაზეც". ახლა ვხედავთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ფული არა აქვს, კამპანიას ვერ ახორციელებს, მისი მოღალატეები გვარამიას თაოსნობით უამრავ ფულს ხარჯავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არავინ არ იცის, საიდან აქვს ფული. თუ ისინი გაერთიანდნენ, შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" ფული გაუჩნდეს და უკეთესი შედეგი დადონ. "ქართული ოცნება" რას იზამს, არ ვიცით. ბევრი ისეთი განცხადება, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, თუ ასე გააგრძელეს, არ მგონია, რომ კარგი შედეგი დადონ. ამიტომ ვეცდებით, ჩვენი შედეგი იყოს მაქსიმალური და მერე დავაკვირდებით, სხვა პარტიებს - რაც იქნება, ის იქნება. 

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://ipress.ge/news/interviu/qartul-politikashi-sul-sami-partiaa-natsebi-qotsebi-da-chven-tu-qartul-otsnebas-ar-tsaartvi-khmebi-ra-mnishvneloba-aqvs-natsebis-khmebi-rogor-gadanatsildeba-interviu-aleqsandre-raqviashviltan