„არ ვიცი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, პრეზიდენტი ოპოზიციაში ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებს. უბრალოდ, ამ მთელ კონფიგურაციას ააფეთქებს, რომელიც თვითონვე შექმნა, მათ შორის ტექნიკური მთავრობით, აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრით და ასე შემდეგ. არ მესმის, სალომე ზურაბიშვილს ასე ბრმად როგორ მიჰყვება ამდენი ოპოზიციონერი. – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

" მით უმეტეს, ჩემგან განსხვავებით, ყველას გალანძღული ჰყავს და რუსეთის აგენტი აქვს დაძახებული. თვითონაც ხვდებიან, რომ ეს ქარტია ჩიხია და არავინ ამის აღსრულებას არ აპირებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ღია პოზიციის დაფიქსირებას და ქარტიიდან გამოსვლასაც ვერ ბედავენ. უცნაური ვითარებაა, როცა ოპოზიცია თავის თავს აზიანებს და მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომელიც მარტო დესტრუქციულ როლს თამაშობს მთელ პროცესში. შეიძლება, ეს ყველაფერი ვიწროპარტიულად მაწყობდეს, მაგრამ არც ისე კარგია, თუ ოპოზიცია ძალიან დამარცხდება, საბოლოო ჯამში, მეც დავმარცხდები. მეც არ მაწყობს ასეთი ზიანი, რომელიც ახლა ოპოზიციას ადგება.

ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად ევროკავშირის ელჩის პოზიცია, შეიძლება იქ ნებისმიერი ფრაზა ყოფილიყო. ქარტია ეხება ევროინტეგრაციას და შეიძლება, ევროკავშირის ელჩს მოეწონა კიდეც რაღაც რეფორმები, რაც წერია. რატომ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, წინააღმდეგი ნაფიცმსაჯულების გაფართოების? ვინაიდან არ ვიცით, რა ნაწილში და როგორი შეფასება გააკეთა, ევროკავშირის ელჩის შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს რომ თავისივე ინიციატივის მნიშვნელობის გაზრდა უნდა, ესეც გასაგებია. არა მარტო ელჩზე თქვა, არამედ თქვა, რომ ევროპაში სხვა ლიდერებიც უჭერენ მხარსო, მაგრამ არ გვესმის, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, რადგან  ქარტიას ვინც მოაწერა ხელი, ისინიც კი ვერ თანხმდებიან დოკუმენტის შინაარსზე“. - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და "ქართული ქარტიით" გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.