საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა ტაილანდის სამეფოს დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო ვაჭრობაში და მეფე პრაჯადჰიპოკის ინსტიტუტის გენერალური მდივანი ისარა სერევატანავუტი.
ოცკაციან დელეგაციაში შედიან ტაილანდის სამეფოს პარლამენტის სენატორები, სამთავრობო სააგენტოების და სხვადასხვა პროფილის კომპანიების ხელმძღვანელები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ტაილანდს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და შეთანხმდა კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ხალხთაშორისი კავშირების უფრო განმტკიცებას და ტურიზმის ზრდას, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ორივე მხარის მონაწილეობას ტაილანდსა და საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში. განხილული იყო სხვადასხვა დარგში ინვესტირების, ერთობლივი პროექტების განხორციელების და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობები.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.




