არ მომწონს, კონკრეტული პარტიები რომ ცდილობენ, ყველაფერი თავისკენ გადაქაჩონ და თქვან, აი, ჩემი ინიციატივაა, ესეც ცუდი პოლიტიკური კულტურის გაგრძელებაა, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა მისთვის „ლელოს“ ინიციატივა, რომ შეიქმნას მიზიდულობის ახალი ცენტრი.

„ჩვენ რაც გვჭირს, ისაა, რომ ვერავის ჩვენი ეგოიზმი ვერ მოგვითოკავს. ჩემი ინიციატივაა და მოდით, ახლა შემოუერთდით, რა საჭიროა ასეთი რაღაცები? ცოტა უფრო დაღვინებულად უნდა ვუყუროთ ამ პროცესს. ყველა კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ ჩვენს ეგოიზმს, მოჭარბებულ ეგოს და მოჭარბებულ ამპარტავნებას ხშირად ეწირება ქვეყნის ინტერესი. ახლაც ასე ვართ. დღეს ვართ ლამის უფსკრულის პირას. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე აღარც მალავს, რომ ქვეყანას რუსეთისკენ ექაჩება, არის აბსოლუტურად ამოწურული პოლიტიკური ძალა და მე ვარ მომხრე ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით ცვლილების“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა „ლელოს“ მათთან კომუნიკაციის მცდელობა და ჩაერთვება თუ არა პარტია „მოქალაქეები“ შეთავაზების შემთხვევაში კონსულტაციებში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ რამე პოლიტიკურ წინასაარჩევნო გაერთიანებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან არჩევნები 2024 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

„მანამდე თუ სხვა რაღაცებს დავილაპარაკებთ და, ზოგადად, თუ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, არ იქნება ცუდი. ორადორი პარტია, ჩვენ და „გირჩი“ ვართ პარლამენტში, რომელიც ერთმანეთში ვლაპარაკობთ, დანარჩენები კი თავაღერებული, ძალიან ამპარტავნად დადიან. ყველა უნდა დავეშვათ მიწაზე და მოვეშვათ ასეთ რაღაცებს, ჩემი ინიციატივა, ამის ინიციატივა და ა.შ.“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან აუცილებლად უნდა წავიდეს.

„ასე არის საჭირო ქვეყნისთვის. წავიდეს ოპოზიციაში, იყოს, კაცო, ოპოზიციაში, რა, ოპოზიციაში ყოფნა კი არაფერი პრობლემაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არავითარ შემთხვევაში. იმიტომ, რომ რამდენადაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მესამე ვადით დარჩენა იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, ასმაგად უფრო დიდი კატასტროფა იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა. 11 წელია, ხელისუფლებაში არაა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ნატამალი დასკვნა ვერ გამოიტანეს ოპოზიციაში ყოფნით და ნატამალი სინანული არ ეტყობათ იმის გამო, რასაც ბოლო წლებში აკეთებდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.