ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
პროექტით, კანონის მოქმედება გავრცელდება იმ არასრულწლოვანზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი.
კანონპროექტით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც იქნება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: საკუთრივ ცენტრი, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, აგრეთვე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები.
პროექტით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, კერძოდ: კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება, რომელსაც განახორციელებს პროკურორი; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან/და გადამისამართება და შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.
კანონპროექტით, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.
იმ შემთხვევებში, თუ ჩაითვლება, რომ სერვისში/პროგრამაში ჩართვას არ ექნება პოზიტიური შედეგები და თავიდანვე საჭიროა უფრო ინვაზიური მეთოდების გამოყენება, არასრულწლოვანი გადამისამართდება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში, სადაც მოხდება მისი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და ეს არ იქნება არასრულწლოვნის დასჯის ღონისძიება.
პროექტით, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა 10-დან 14 წლამდე ასაკში. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება კანონით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.
როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, გააძლიეროს მხარდაჭერისა და მზრუნველობის კომპონენტი მაშინ, როდესაც საკითხი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს ეხება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოზარდები 14 წელს მიუღწეველი პირები არიან.
„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ ძალიან სერიოზული გამოწვევები გაქვს და აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და გაერო-ს ბავშვთა კონვენციის სტანდარტებით სახელმწიფომ თავისი პოზიტიური როლი სრულფასოვნად განახორციელოს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.










