უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივლისს რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია და ნორვეგია უკრაინისთვის აშშ-სგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სამი სისტემის შესასყიდად არიან მზად. 

"გერმანია მზადაა ორი სისტემის შესასყიდად - მათთან შეთანხმებები მაქვს. ნორვეგია მზადაა ერთი სისტემის შესასყიდად - ორმხრივი შეთანხმებები მაქვს პრემიერმინისტრთან," თქვა ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის კონფერენციის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მან ასევე დაამატა, რომ უკრაინას ჯამში 10 Patriot-ის სისტემა სჭირდება და გამოთქვა იმედი, რომ ევროპელი პარტნიორები უკრაინას ამ კუთხით დაფინანსებაში დაეხმარებიან. 

კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა, რომ გერმანია მზადაა, აშშ-სგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეისყიდოს და შემდეგ ისინი უკრაინას გადასცეს. მერცის თქმით, მან ეს საკითხი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გასულ კვირას განიხილა, თუმცა განმარტა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.