მიმდინარე კვირაში უკრაინის უმაღლესი რადა შვიდ კანონპროექტს განიხილავს, რომლებიც "სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული ხვრელის შესავსებად არის საჭირო". აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტები უკრაინისთვის "პარტნიორებისგან მიღებულ ფულს" ნიშნავს.
პოსტის თანახმად, ამ ინიციატივების უმრავლესობა პირველი მოსმენით განიხილება.
"ეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებია. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, რთული, უსიამოვნო და არაპოპულარული იყოს. თუმცა, ამჟამად მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი თავდაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილება და უკრაინის აღდგენის უზრუნველყოფა", - წერს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკის განცხადებიდან გამომდინარე, კანონპროექტების უკრაინელი კანონმდებლების მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კიევმა შესაძლოა, რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მიიღოს.




