უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ევროკავშირს, გადალახოს უთანხმოება გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის ლიდერი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში შეთანხმდებიან აქტივების გამოყენებაზე, ხოლო თუ შეთანხმება ვერ შედგება, ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოუწევთ.
"ეს ჩვენი გადარჩენის საკითია. სწორედ ამიტომ გვჭირდება ის ნამდვილად. პარტნიორების იმედი მაქვს. რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს ამ ომისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხა უკრაინას აშშ-სა და ევროპაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენასა და რუსეთის სამიზნეებზე თავდასხმისთვის დრონების წარმოების დაფინანსებაში დაეხმარება.
"ჩვენ არ გვაქვს დამატებითი თანხა და ეს არის სამართლიანი", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის აზრით, სწორედ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია ევროპელი ლიდერებისთვის სიგნალის გაგზავნა, რათა იმოქმედონ გაყინული მილიარდობით რუსული აქტივის გამოყენებით.
"აშშ-ს ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვს და, შესაძლოა, ტრამპმა ამ ფულის დახარჯვა გადაწყვიტოს. აშშ-ის წარსულმა ქმედებებმა, როგორიცაა ენერგეტიკული სანქციები, ევროპელ პარტნიორებსაც უბიძგა, მიეღოთ გარკვეული მკაცრი გადაწყვეტილებები", – აღნიშნა ზელენსკიმ.








