უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი უკრაინაში ომის ზამთრის დადგომამდე დასრულებაში დაეხმარება.
თავად საუბარი, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, მან შეაფასა როგორც "პოზიტიური და პროდუქტიული".
"შეერთებულ შტატებსაც და უკრაინასაც სურთ, რომ ეს უაზრო რუსული ომი ზამთრამდე დასრულდეს. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო დეესკალაციური ნაბიჯები, რომლებსაც დიპლომატიისკენ გზის გახსნა შეუძლია", — დაწერა უკრაინის ლიდერმა Telegram არხზე.




