ევროპელი ლიდერები კრემლის ხელმძღვანელის, ვლადიმირ პუტინის მიწვევით მოსკოვში არ ჩავლენ, — დარწმუნებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. "ევროპის ლიდერები მოსკოვში არ ჩავლენ, 100 პროცენტით. ჩემი აზრით, წარმომადგენლები ვერ გაემგზავრებიან. ეს შეცდომა იქნება", — უპასუხა მან DW-ს კორესპონდენტის შეკითხვას ბერლინში, "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის კულუარებში.
ზელენსკის თქმით, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე — "ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ქვეყანაში", — რადგან ეს აჩვენებდა, რომ ორივე მხარეს ნამდვილად სურს შეთანხმების მიღწევა. "ვფიქრობ, ეს არასწორი იქნებოდა. უმჯობესია, როდესაც ყველა მხარე აჩვენებს პროგრესსა და ომის დასრულების მზადყოფნას. როდესაც ერთ-ერთი მხარე ამბობს, მაგალითად: "თუ გინდათ, ჩამოდით", ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მას თავად არ სურს ეს. ეს კი პოზიტიური დასაწყისი არ არის", — ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე უპასუხა DW-ს შეკითხვას ევროკავშირში უკრაინის შესაძლო ასოცირებული წევრობის შესახებ, რომლის განხილვის ინიციატივითაც ადრე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოვიდა. "ვნახოთ. ახლა ჩვენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე ვართ კონცენტრირებულნი. წელს მიზნად გვაქვს დასახული ბოლო ორი კლასტერის გახსნა... შემდეგ კი — მომდევნო ნაბიჯი, თუმცა ჩვენ გვაქვს იდეა", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.




