უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "მსურველთა კოალიციის" სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ რუსეთთან გასამართ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ზელენსკის თქმით, ევროპას ხუთი ქვეყანა, ევროკავშირი და NATO წარმოადგენენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელ მრჩევლებთან გამართული შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ევროპის, უკრაინისა და აშშ-ის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო ხდება, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი უსაფრთხოების ისეთი გარანტიები იყო, რომლებსაც რუსეთის შეკავება შეუძლია.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ დაეხმარება მომლაპარაკებელთა ჯგუფების დონეზე პირველი მრავალმხრივი შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად ორგანიზებაში, რომელშიც ევროპა სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, მხარეებმა მსგავსი შეხვედრის შესაძლო ფორმატი და დღის წესრიგი განიხილეს.
"სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. რაც უფრო აქტიურად წარიმართება დიალოგი, მით მეტია რეალური პროგრესის მიღწევის შანსი", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა "ამერიკას, ევროპასა და ყველა პარტნიორს, რომელიც გვეხმარება".




