უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის მთავარი მიზანია, წელს მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
საღამოს ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბჭო იკრიბება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მსგავს ფორმატში.
"ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება ეს მხოლოდ დროის საკითხია. ასე რომ, შეხვედრა რეალურად უკვე შედგა ევროკავშირში. ობიექტურად, ჩვენი ქვეყანა ლიდერია იმ საფუძვლების დაცვაში, რომლებსაც ეყრდნობა ევროპის ერთიანობა.
თანამედროვე ევროპის ერთიანობა, რომელიც აფასებს ადამიანის თავისუფლებას და ერთა თანასწორობას, აფასებს საერთაშორისო სამართალს. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ მოვისმინე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს - ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის, მისი ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან არის მსგავსი მზადყოფნა უკრაინაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.