ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება რუსეთში დაახლოებით 10 ათასი სამხედროს გადასასროლად ემზადება, ამასთან, რვა ათასზე მეტი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი უკვე იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ანგარიშიდან მიღებულ ახალ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, ახლა სამხედროებს "არჩევენ მომზადების გასავლელად და შემდგომში რუსეთში გადასაყვანად". ზელენსკი ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად უცხოელთა დაქირავების გაზრდას გეგმავს. "მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთს ადამიანები იზიდავს თავის არმიაში, იმოქმედონ ამის წინააღმდეგ. ჩვენ თითოეულ მთავრობას მივაწვდით ინფორმაციას", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ ომში რუსეთის მხარდასაჭერად უკვე გააგზავნა 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. სავარაუდოდ, სანაცვლოდ ფხენიანი მოსკოვისგან იღებს თანხებს, სამხედრო ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების გარანტიებს. აგვისტოში ზელენსკი აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ტერიტორიაზე 30-დან 50 ათასამდე მებრძოლის განთავსებას გეგმავდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ომში ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი სამხედროების ჩართვის გეგმების შესახებ კიევსა და სეულს შორის რამდენიმე დღით ადრე წამოჭრილი კონფლიქტის ფონზე გაჟღერდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება იმის გამო, რომ ზელენსკიმ "დაარღვია კონფიდენციალურობის შეთანხმება" და საჯაროდ განაცხადა კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დატყვევებული ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცის სეულისთვის გადაცემის შესახებ.

საპასუხოდ, ზელენსკის ოფისში განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის ამ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობაზე შეთანხმება არ არსებობდა. სეულში ამას სიცრუე უწოდეს. 28 სექტემბერს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ უკრაინელ დიპლომატს ამ საკითხზე "სეულის მკაცრი პოზიცია" გააცნო, იუწყება სააგენტო Yonhap.