ყაზახეთი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი მოქმედებს, მათ შორის რუსეთისთვის, ელექტრონული სამგზავრო ნებართვის (ETA) სისტემას ეტაპობრივად აწესებს. ახალი წესების მიხედვით, ქვეყანაში შესვლა ფასიანი და მკაცრად კონტროლირებადი გახდება.
ახალი პლატფორმის (QazETA) მეშვეობით, უცხოელმა მოქალაქეებმა განაცხადი მგზავრობამდე მინიმუმ 72 საათით ადრე უნდა შეავსონ. წინასწარი დამტკიცების შემთხვევაში, ნებართვა 180-დღიანი ვადით გაიცემა. წინასწარი ღირებულება დაახლოებით 3 900 ტენეს შეადგენს, ხოლო საზღვარზევე გაფორმება ორმაგი ფასი ეღირება.
სისტემა უკვე ტესტირების რეჟიმშია (1 ნოემბრამდე უცხოელებს უარის გარეშე გაატარებენ, თუმცა გააფრთხილებენ).
1 ნოემბრიდან ETA სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ თვითმფრინავით მგზავრებისთვის.
30 ნოემბრიდან ახალი რეგულაცია რუსეთთან სახმელეთო, საავტომობილო საბაჟო-სასაზღვრო პუნქტებზეც გავრცელდება.
მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრებას ოფიციალური ასტანა უსაფრთხოების ზომებით ხსნის, რასაც რუსულ პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურებები.




