ყაზახეთში, 2026 წლის 24 სექტემბერს კასპიის ზღვაში გამართულ სწავლებაზე 14 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის საქმის გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი მთავარსარდალი კანატ ნიაზბეკოვი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Tengrinews.kz-მა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა. ნიაზბეკოვი, რომელმაც 2016 წელს 1-ლი რანგის კაპიტნის წოდება მიიღო, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან 2026 წლის 3 ოქტომბერს გაათავისუფლა.

5 ოქტომბერს თოყაევმა თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის კომპლექსური შემოწმების კომისიის წევრებთან თათბირი გამართა, რომლის დროსაც ხუთი თანამდებობის პირის დაკავების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის აღმოჩნდნენ შტაბის უფროსი - სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის პირველი მოადგილე, სამხედრო ნაწილების ორი მეთაური, ასევე საზღვაო ქვეითთა ასეულისა და კატერის მეთაურები - აღნიშნავს რუსული სააგენტო "ინტერფაქსი".

"მეთაურთა შემადგენლობის დანაშაულებრივი გულგრილობის ფაქტებზე წინასასამართლო გამოძიება გრძელდება", - იტყობინებოდა სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური. თათბირზე ასევე განაცხადეს "შეიარაღებულ ძალებში დაგროვილი სისტემური პრობლემების", "სამხედრო ღონისძიებების დაგეგმვისას სერიოზული გადაცდომებისა და ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო კონტროლის არარსებობის" შესახებ.

ასევე აღძრულია სისხლის სამართლის 13 საქმე სახელმწიფო ქონების შესაძლო მითვისების, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე.

24 სექტემბერს, მანგისთაუს ოლქში, სადაც კასპიის ზღვის აკვატორიაში სწავლება "კასპიის თავდაცვა - 2026" მიმდინარეობდა, კატერ "კაისარიდან" პირადი შემადგენლობის გადმოსხმისას, ზღვამ 17 სამხედრო მოსამსახურე გაიტაცა. სამის გადარჩენა მოხერხდა, 14 კი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სანაპიროზე ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდა და ქარი გაძლიერდა. მომდევნო დღეს თოყაევმა საერთო ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ტრაგედიის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა არა მხოლოდ კანატ ნიაზბეკოვი, არამედ თავდაცვის მინისტრი დაურენ ქოსანოვი, კანიშ აბუბაქიროვი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალმაზ ჯუმაკეევი.