უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეაჩერა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ზეწოლამ კიევის რწმენა აშშ-ის მხარდაჭერის მიმართ შეარყია", — წერს The Wall Street Journal.

რედაქციის თანამოსაუბრეების თქმით, თავდასხმებში არაოფიციალური პაუზა გასული კვირის დასაწყისიდან მოქმედებს, როდესაც კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში კრიზისი პიკს აღწევდა. მოსალოდნელია, რომ ის აშშ-ში შუალედური არჩევნების დასრულებამდე გაგრძელდება, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. თუმცა, შესაძლოა, რომ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები არც არჩევნების შემდეგ, ნოემბრის განმავლობაში განხორციელდეს, — ირკვევა პუბლიკაციიდან.

უკრაინის დამოკიდებულებამ სატელიტური კავშირის სერვის Starlink-ზე, მისთვის გადაცემულ ამერიკული დაზვერვის მონაცემებსა და Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტებზე შეინარჩუნა მისი მოწყვლადობა აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც ტრამპმა კიევისთვის ამერიკული სამხედრო და ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი შეწყვიტა, როცა გასულ წელს თეთრ სახლში დაბრუნდა, — აღნიშნავენ ჟურნალისტები.

ბოლო კვირებში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა გააძლიერა, მოითხოვდა რა რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტას და საწვავზე მაღალ მსოფლიო ფასებში უკრაინას ადანაშაულებდა, რასაც ენერგეტიკის ექსპერტები ძირითადად აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომს უკავშირებენ.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები მიიჩნევდნენ, რომ საწვავზე მაღალმა ფასებმა, შესაძლოა, მათ 3 ნოემბრის არჩევნებზე ზიანი მიაყენოს, ამიტომ ტრამპმა რუსული დიზელის საწვავის წინააღმდეგ სანქციები შეასუსტა, რათა ამერიკელ ფერმერებსა და სხვა მომხმარებლებზე წნეხი შეემცირებინა, — განმარტებულია სტატიაში.

როგორც WSJ-ს აშშ-ის ორმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, 20 ოქტომბერს ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, რომელიც ვიდეოკავშირის საშუალებით ჩაერთო ოსლოში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ დესპან სტივ უიტკოფსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ თავად ის და უიტკოფი ბევრ დროს, ენერგიას და რეაქტიული თვითმფრინავების საწვავს ხარჯავენ, რათა მოსკოვთან უკრაინის ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკებები აწარმოონ, და რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე კიევის 30-დღიანი პაუზა შეიძლება, იყოს უკრაინისთვის მადლიერების გამოხატვის საშუალება, — წერს WSJ.

ოსლოში გამართული შეხვედრის მეორე დღეს ტრამპმა კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს დაურეკა და უკრაინისთვის სატელიტური კავშირის სისტემა Starlink-ის მუშაობის აღდგენა სთხოვა, — აღნიშნავენ ავტორები. ამასთან, ეს ორი საკითხი — Starlink და ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები — გამოცემის წყაროების ცნობით, ერთმანეთთან არანაირად არ არის დაკავშირებული.

ტრამპსა და ზელენსკის შორის დაძაბული რიტორიკის, ასევე Starlink-ის სისტემის მუშაობაში შეფერხებების გამო, კიევის ზოგიერთმა ყველაზე მტკიცე ევროპელმა მხარდამჭერმაც დაიწყო შეშფოთება, — წერს WSJ. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროპელებმა ასევე ურჩიეს ზელენსკის, აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებამდე ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეჩერებინა.