აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, ირანს შესაძლოა, ჰქონდეს 1500-დან 2500-მდე ბალისტიკური რაკეტისგან შემდგარი არსენალი, რომლის გამოყენებაც თეირანს ომის განახლების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად შეუძლია. ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ) ვაშინგტონში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია მიახლოებით შეფასებაზე, რაც ირანის სამხედრო არსენალის აღდგენის მასშტაბების თვალყურის დევნებასთან დაკავშირებული სირთულეებით არის გამოწვეული. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის საწარმოო სიმძლავრეებზე მიყენებული დარტყმების მიუხედავად, თეირანს შეუძლია, ნელი ტემპით აღადგინოს შეიარაღების მარაგი ადრე დაგროვილი კომპონენტების ხარჯზე. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ფლობს დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებსა და მცირე რადიუსის რაკეტებს. როგორც WSJ წერს, ისრაელელი სამხედროებიც ვარაუდობენ, რომ ამჟამად ირანის განკარგულებაში 1500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტაა.

როგორც გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში სიმონ ლიდინმა განაცხადა, რომელსაც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ირანის მიერ 1500 ბალისტიკური რაკეტის ფლობა ნიშნავს, რომ ქვეყანამ თავისი სავარაუდო ომამდელი არსენალის ნახევარზე მეტის აღდგენა შეძლო.

ირანის მიერ სარაკეტო არსენალის აღდგენა ეწინააღმდეგება თეთრი სახლისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-მა და ისრაელმა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალი სრულად გაანადგურეს, — წერს WSJ. გამოცემის წყაროების ცნობით, ეს ფაქტორი გათვალისწინებული იყო თეირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განახლების შესახებ გამართული დისკუსიების დროს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, რომელიც ომის განახლებას აუცილებლად მიიჩნევს, თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, ყურადღება ირანზე ეკონომიკურ ზეწოლაზე გაამახვილოს.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის მოკავშირეებმაც აცნობეს ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ისინი სამხედრო ესკალაციის ახალი ტალღის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან თეირანს შეუძლია, მათ ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით საპასუხო დარტყმები განახორციელოს, — აღნიშნავს WSJ.

მანამდე გამოცემა უკვე იუწყებოდა, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების მიუხედავად, ირანმა მიწისქვეშა საცავებში ათასობით მცირე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის შენარჩუნება მოახერხა.

WSJ-ის მონაცემებით, დარტყმებმა ამ ობიექტების შესასვლელები ჩამოანგრია, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ ნანგრევების გაწმენდისა და გასასვლელების გათხრის შედეგად ზოგიერთ მათგანთან წვდომის აღდგენა შეძლო.